გთხოვთ დაიცადოთ…
3 წუთის საკითხავი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Horeca Georgia-ს ახალ რუბრიკაში „თბილისური ნომრები“, სადაც მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სტუმარმასპინძლობის მივიწყებულ ისტორიებს გავაცოცხლებთ. ჩვენ ერთად შევაღებთ ძველი ქარვასლებისა და კავკასიის პირველი ფეშენებელური ევროპული სასტუმროების კარებს, რათა აღმოვაჩინოთ ეპოქალური ბიზნეს-მოდელები, უნიკალური სერვისის ტრადიციები და ბოჰემური თბილისის შარმი. საარქივო მასალებზე, რეალურ ფაქტებსა და ისტორიულ ლეგენდებზე დაყრდნობით, ნაბიჯ-ნაბიჯ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა ადგილობრივი ჰორეკა-ინდუსტრია.
დღეს, როდესაც ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე ბუტიკ-სასტუმროებსა და მყუდრო კაფეებს ვხვდებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ორასიოდე წლის წინ დედაქალაქში ევროპული გაგებით „სასტუმრო“ საერთოდ არ არსებობდა. მე-19 საუკუნის დასაწყისის თბილისი ტრადიციული აზიური ქალაქის რიტმით ცხოვრობდა - ჩამოსული ვაჭრები ქარვასლებსა და ფუნდუკებს აფარებდნენ თავს, ხოლო საპატიო სტუმრებს ადგილობრივები საკუთარ ოჯახებში მასპინძლობდნენ.
ყველაფერი 1818 წელს შეიცვალა, თანაც სრულიად მოულოდნელი სცენარით: თბილისურ HORECA სექტორს საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ტყვემ, რომელმაც ევროპული მასპინძლობის სტანდარტები პირდაპირ „ტალახიან ქუჩაზე“ გადმოიტანა.
ამ ისტორიის მთავარი გმირი პროვანსელი ფრანგი, ჟან პოლია. 1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობისას, იგი ტყვედ ჩავარდა, მოგვიანებით კი რუს გენერალს წამოჰყვა კავკასიაში. როდესაც გენერალმა თბილისი დატოვა, ჟან პოლმა საფრანგეთში დაბრუნებას ადგილზე დარჩენა ამჯობინა.
იმხანად თბილისში სულ უფრო იმატებდა უცხოელი დიპლომატების, ოფიცრებისა და მოგზაურების ნაკადი. ქალაქში არ არსებობდა ადგილი, სადაც ევროპელი სტუმარი მისთვის ნაცნობ კომფორტს, სუფთა საწოლსა და საკვებს იპოვიდა. ჟან პოლმა სწორედ ეს ცარიელი ნიშა აღმოაჩინა და ასე შეიქმნა თბილისში პირველი ევროპული ტიპის სასტუმრო.
საინტერესოა, რომ ისტორიულ დოკუმენტებსა და მოგონებებში ამ კაცის გვარი არ შემორჩენილა - მას ყველგან უბრალოდ „ჟან პოლს“ უწოდებენ. მიუხედავად „გვარდაკარგულობისა“, მან თბილისის მასპინძლობის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
ჟან პოლმა სასტუმრო ძველი თბილისის გულში, კალაში გახსნა - ქუჩაზე, რომელსაც იმპერიის ადმინისტრაცია ოფიციალურად „ტალახიან ქუჩას“ (Грязная улица) უწოდებდა. ირონიულია, რომ ქუჩას, სადაც პირველი ფრანგული სასტუმრო მდებარეობდა, მოგვიანებით სხვა ცნობილი ფრანგის - ალექსანდრ დიუმას სახელი ეწოდა.
სასტუმრო კლასიკური ფრანგული ტრაქტირის (Auberge) პრინციპით ფუნქციონირებდა:
პირველი სართული ეთმობოდა რესტორანსა და სასადილოს, სადაც ევროპული კერძები და სასმელები მიეწოდებოდათ. ხოლო მეორე სართული დათმობილი ჰქონდა გასაქირავებელ ოთახებს („ნომრებს“).
ეს იყო სივრცე, სადაც პირველად შეეჯახა ტრადიციული აღმოსავლური ქალაქი და დასავლურ-ევროპული სერვისის კულტურა. ჟან პოლმა თბილისში პირველად შეიტანა სერვირებისა და კულინარიის ის სტანდარტები, რაც მანამდე ადგილობრივი დუქნებისთვის სრულიად უცხო იყო.
საინტერესოა, რომ ჟან პოლის სასტუმროს მომხმარებლები თითქმის ექსკლუზიურად უცხოელები იყვნენ. XIX საუკუნის I ნახევარში თბილისის ადგილობრივ მოსახლეობას (ქართველებს, სომხებს თუ სპარსელებს) სასტუმრო უბრალოდ არ სჭირდებოდა - ჩამოსული კაცი ნათესავთან ჩერდებოდა, ხოლო ვაჭარი - ქარვასლაში.
შესაბამისად, ჟან პოლის ნომრები იქცა თბილისში პირველ „ექსპატურ ჰაბად“, სადაც ევროპელი მოგზაურები და დიპლომატები იკრიბებოდნენ. ცნობილია, რომ ამ სასტუმროს ხშირი სტუმარი იყო ცნობილი რუსი დიპლომატი და მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვიც.
ჟან პოლის პატარა ტრაქტირმა საფუძველი ჩაუყარა პროცესს, რომელმაც რამდენიმე ათწლეულში თბილისი კავკასიის მთავარ სასტუმროების ცენტრად აქცია. მის შემდეგ გამოჩნდნენ „ლონდონი“, „ორიანტი“, „ვეცელი“ და „მაჟესტიკი“, თუმცა ამ დიდ ევროპულ ტრანსფორმაციაში პირველი პიონერის პატივი სწორედ პროვანსელ ჯარისკაცს ერგო.
რუბრიკა „თბილისური ნომრები“ აგრძელებს მოგზაურობას. თვალი ადევნეთ ჩვენს პლატფორმას ყოველ სამშაბათს და შაბათს, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ისტორია!