გთხოვთ დაიცადოთ…

ამ სტატიაში გაეცნობით სასტუმროების შექმნისა და მათი განვითარების ეტაპებს, ღამის გასათევი ფუნდუკებიდან - მდიდრულ, 5+ ვარკვლავიან სასტუმროებამდე.
დასასვენებელი და ღამის გასათევი ადგილები უძველესი დროიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, როდესაც მოგზაურები თავგადასავლების ან საქმიანი შესაძლებლობების ძიებაში დიდ მანძილებს ფარავდნენ. მოკრძალებული ფუნდუკებიდან და ტრაქტირებიდან თანამედროვეობის მდიდრულ სასტუმროებამდე - მასპინძლობის ინდუსტრიის ისტორია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული საზოგადოებისა და ვაჭრობის განვითარებასთან. დღეს თითოეული ჩვენგანი იცნობს სასტუმროების სხვადასხვა ტიპს, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა გზა გაიარა ინდუსტრიამ იმ სახემდე, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
სიტყვა „ოტელი“ მომდინარეობს ფრანგული „hôtel“-იდან, რომლის ფესვებიც თავის მხრივ ლათინურ „hospitālis“-შია (სტუმართმოყვარე, სტუმრისადმი მიკუთვნებული). შუა საუკუნეების საფრანგეთში „hôtel“ აღნიშნავდა დიდ ქალაქურ სახლს ან სასახლეს, რომელიც განკუთვნილი იყო სტუმრების დროებითი განთავსებისთვის, ასევე ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს. XVIII საუკუნეში სიტყვის მნიშვნელობა შევიწროვდა და დაიწყო კომერციული დაწესებულებების აღნიშვნა, რომლებიც მოგზაურებს საცხოვრებელს სთავაზობდნენ. სწორედ ამ მნიშვნელობით ვიყენებთ მას დღესაც.
პირველი სასტუმროების ჩასახვა
სასტუმრო ბიზნესის სათავეები ანტიკურ ხანიდან მოდის, როდესაც პირველი „ოტელები“ უბრალოდ ღამისთევისა და კვების ადგილებს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი კონცეფცია მოგვაგონებს თანამედროვეობას, ხშირად ეს იყო ოთახები კერძო სახლებში.
ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, სავაჭრო გზებზე გაჩნდა ფუნდუკები, რომლებიც სთავაზობდნენ არა მხოლოდ კვებასა და საცხოვრებელს, არამედ ცხენების მოვლასაც. ასეთი დაწესებულებები თანამედროვე სასტუმროების პროტოტიპად იქცა. ამის მაგალითია ქარვასლა - „Büyük Han“ (ბუიუქ-ხანი), რაც თურქულიდან თარგმანში „დიდ ფუნდუკს“ ნიშნავს. იგი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში კვიპროსზე აშენდა და დღეს პოპულარული ტურისტული ადგილია, სადაც კულტურული ღონისძიებები და გამოფენები იმართება.
რომელია მსოფლიოში უძველესი სასტუმრო?
მსოფლიოში უძველეს მოქმედ სასტუმროდ აღიარებულია Nishiyama Onsen Keiunkan (ნიშ იამა ონსენ კეიუნკანი), რომელიც იაპონიაში, იამანაშის პრეფექტურაში მდებარეობს. იგი დაარსდა ჩვენი წელთაღრიცხვით 705 წელს და 1300 წელზე მეტია ერთსა და იმავე ოჯახს ეკუთვნის. ეს ისტორიული სასტუმრო თერმულ წყაროებთან მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს მათ შორის, ვისაც იაპონიის კულტურაში ჩაღრმავება სურს.
საერთაშორისო ქსელების გამოჩენა და განვითარება
XVIII–XIX საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდასთან ერთად პირველი სასტუმროების ქსელები გამოჩნდა. სწორედ მაშინ დაიწყო სერვისების სტანდარტიზაცია, რამაც სტუმრებს მომსახურების ხარისხის გარანტია მისცა. ერთ-ერთი პირველი იყო „Ritz“, რომელიც სეზარ რიცმა 1898 წელს დააარსა. დღეს „Ritz“-ის სასტუმროები პარიზში, ლონდონსა და მადრიდში მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ დაწესებულებებად ითვლება. ისეთი გიგანტები კი, როგორიცაა Hilton, Marriott და InterContinental, XX საუკუნეში დაარსდა და დღეს მსოფლიოს უამრავ ქალაქშია წარმოდგენილი.
თანამედროვე ტენდენციები და ინოვაციები
სასტუმრო ბიზნესი განაგრძობს განვითარებას და სულ უფრო მეტ ტექნოლოგიას ნერგავს. თანამედროვე
სასტუმროები გვთავაზობენ:
• „ჭკვიან“ ნომრებს, რომელთა მართვა მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი.
• ონლაინ რეგისტრაციასა და ვირტუალურ კონსიერჟებს.
• ეკო-მეგობრულ მიდგომებს ნარჩენების გადასამუშავებლად და გარემოს დასაცავად.
მოგზაურები დღეს ეძებენ უნიკალურ გამოცდილებას, რამაც ორიგინალური კონცეფციების ბუმი გამოიწვია.
მაგალითად, შვედეთში მდებარე Icehotel (ყინულის სასტუმრო), რომელიც 1989 წლიდან ყოველწლიურად თავიდან შენდება მდინარე ტორნეს ყინულისა და თოვლისგან.
ყაზახეთშიც არსებობს გამორჩეული კომპლექსი — „Eco Park“, ჩარინის კანიონთან ახლოს. იგი სტუმრებს სთავაზობს განთავსებას იურტებსა და ბუნგალოებში, რაც ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის იდეალური გარემოა.
დღეს ისეთი კომპანიები, როგორიცაა Accor, Hilton და Marriott, მართავენ როგორც ხუთვარსკვლავიან ლუქს-ოტელებს, ისე ბიუჯეტურ ბრენდებს. ეს მულტიბრენდული კონცეფცია საშუალებას აძლევს ინდუსტრიას, მოერგოს ნებისმიერი შემოსავლისა და საჭიროების მქონე სტუმარს.
ამრიგად, სასტუმრო ბიზნესი ასახავს საზოგადოების ევოლუციას. უძველესი ფუნდუკებიდან დაწყებული დღევანდელ მაღალტექნოლოგიურ კომპლექსებამდე, ეს სფერო მუდმივად ადაპტირდება ცვალებად სამყაროსთან, რათა ადამიანებს სახლისგან მოშორებით მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.