გთხოვთ დაიცადოთ…
4 წუთის საკითხავი

უზბეკეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და პერსპექტიულ ბაზრად ითვლება მრავალ სექტორში, ისევე როგორც ჰორეკაში. უზარმაზარი შიდა ბაზარი, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, სახელმწიფოს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები და გაციფრულების სწრაფი ტემპი, მასპინძლობის სფეროს ბუნებრივ ლოკომოტივად იქცა და წლიდან წლამდე, აქტიური ტემპებით ქაჩავს წინ. ამ სტატიაში განვიხილოთ უზბეკეთში მიმდინარე პროცესები და გავიაზროთ, რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენ მათ მაგალითზე.
ცენტრალური აზიის გულში მასშტაბური ეკონომიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. ბოლო წლებში უზბეკეთმა მოახერხა, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და მიმზიდველ ბაზრად ექცია. ქვეყნის ხელისუფლების ამბიციური მიზანია 2030 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20 მილიონამდე გაზარდოს. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა იმ აგრესიული, ლიბერალური და ინვესტორზე ორიენტირებული პოლიტიკის გარეშე, რომელსაც ოფიციალური ტაშკენტი ახორციელებს.
როგორ ახერხებს სახელმწიფო ჰორეკა ინდუსტრიის სტიმულირებას და რა კონკრეტული მექანიზმები იზიდავს საერთაშორისო კაპიტალს?
უზბეკეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი პირდაპირი ფინანსური სტიმულირებაა.
• სახელმწიფო პირდაპირ ასუბსიდირებს ახალი სასტუმროების მშენებლობას. 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში (მინიმუმ 50-60 ნომერი), ინვესტორი იღებს 40 მილიონ სუმს (დაახლოებით $3,100) თითოეულ ნომერზე. ხოლო 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის კომპენსაცია თითოეულ ნომერზე 65 მილიონ სუმს აღწევს.
• გლობალური ბრენდების (მაგ. Marriott, Hilton, Accor, IHG) მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო ფრენჩაიზის გადასახადის ნაწილობრივ დაფარვას ახორციელებს - წლიურად $200-დან $600-მდე თითოეულ ნომერზე, სასტუმროს კატეგორიის მიხედვით.
• ხელისუფლება ასევე აფინანსებს ეროვნული კვების ობიექტების გახსნასა და პოპულარიზაციას, სადაც გარკვეული ხარჯების 50%-მდე დაფარვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საგადასახადო პოლიტიკის შემსუბუქება ჰორეკა სექტორში კერძო კაპიტალის შემოდინების მთავარი გარანტი გახდა:
• სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებს საშუალება აქვთ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის 20%-მდე უკან დაიბრუნონ.
• 5,000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე სასტუმროებისთვის მიწისა და ქონების გადასახადის განაკვეთები 90%-ით არის შემცირებული.
• ტურისტული ობიექტების მშენებლობისა და აღჭურვისთვის საჭირო იმპორტირებული მასალები გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადებისგან.
მოთხოვნის გაზრდის გარეშე მიწოდების განვითარება შეუძლებელია. ამიტომ უზბეკეთმა რადიკალურად შეცვალა საზღვრების გახსნის პოლიტიკა:
• 90-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ შესვლა, ხოლო ელექტრონული ვიზების სისტემა (e-Visa) ათეულობით სხვა ქვეყნისთვის მოქმედებს.
• სახელმწიფო ფინანსურ პრემიებსა და ბონუსებს უხდის იმ ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს, რომლებსაც ტურისტები სეზონურ და რეგიონულ აეროპორტებში (სამარყანდი, ბუხარა, ურგენჩი) გადაჰყავთ.
ხელისუფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური წახალისებით, არამედ თავად ქმნის მასშტაბურ ინფრასტრუქტურას:
• სამარყანდში აშენებული გრანდიოზული ტურისტული კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ სასტუმროებს, კონგრეს-ცენტრებსა და კულტურულ პარკებს, რეგიონული ჰორეკა ინდუსტრიის ახალ ბენჩმარკად იქცა.
• Afrosiyob-ის ჩქაროსნული მატარებლების ქსელის გაფართოებამ ისტორიულ ქალაქებს (ტაშკენტი, სამარყანდი, ბუხარა, ხივა) შორის გადაადგილება გაამარტივა, რამაც რეგიონებში კაფეებისა და სასტუმროების დატვირთულობა მკვეთრად გაზარდა.
• E-Mehmon სისტემის დანერგვით, სასტუმროებისთვის ტურისტების რეგისტრაციის პროცესი სრულად გაციფრულდა და ბიუროკრატია შემსუბუქდა.
ჰორეკა სექტორის სწრაფმა ზრდამ კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი წარმოშვა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფომ სამარყანდში დააარსა "Silk Road" ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შვეიცარიულ, თურქულ და ავსტრიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით ამზადებს კადრებს სასტუმრო და რესტორნების მენეჯმენტში.
უზბეკეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ჰორეკა სექტორის განვითარება მხოლოდ კერძო ინიციატივებზე არ არის დამოკიდებული. სახელმწიფოს მიერ გატარებულმა კომპლექსურმა რეფორმებმა - პირდაპირმა სუბსიდიებმა, საგადასახადო შეღავათებმა და ვიზების ლიბერალიზაციამ - ქვეყანა ცენტრალური აზიის მთავარ ტურისტულ და საინვესტიციო ჰაბად აქცია.