გთხოვთ დაიცადოთ…

როგორ გადავჭრათ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი ერთი ხუმრობით? 1996 წლის 1 აპრილი ბრენდინგის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სარისკო, თამამი და გენიალური მარკეტინგული სვლა. წაიკითხეთ, როგორ აქცია კომპანიამ 300 000 დოლარი 25-მილიონიან უფასო რეკლამად და რატომ დაიჯერა მილიონობით ადამიანმა ეს წარმოუდგენელი ამბავი.
1996 წლის 1 აპრილს, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Taco Bell-მა საზოგადოებას დაუვიწყარი საპირველაპრილო ოხუნჯობა მოუწყო. კომპანიამ აშშ-ის ექვს წამყვან გაზეთში (The New York Times, The Washington Post და სხვა) გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ „ქვეყნის ვალის შესამცირებლად“ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - თავისუფლების ზარი (Liberty Bell) შეიძინეს და მას სახელი შეუცვალეს: ამიერიდან ის - Taco Liberty Bell იქნებოდა.
რეკლამამ, რომელიც სააგენტო Bozell-ის კრეატორებმა შექმნეს, ნამდვილი ფურორი გამოიწვია. სანამ შუადღისას ოფიციალურად გამოცხადდებოდა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, ათასობით აღშფოთებული მოქალაქე რეკავდა Taco Bell-ის სათავო ოფისსა და „ამერიკის ეროვნული პარკების“ სამსახურში.
ხუმრობას იუმორითვე გამოეხმაურა თეთრი სახლის მაშინდელი პრესმდივანი, მაიკ მაკკარი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფედერალური მთავრობა ასევე გეგმავდა ლინკოლნის მემორიალის მიყიდვას კომპანია Ford-ისთვის, რის შემდეგაც მას „ლინკოლნ-მერკურის მემორიალი“ დაერქმეოდა.
მარკეტინგის ექსპერტები ამ კამპანიას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროექტად მიიჩნევენ. თუ შედეგებსა და რიცხვებს დავუჯერებთ:
• კამპანია სულ რაღაც $300,000 დაჯდა.
• კომპანიამ მიიღო დაახლოებით $25,000,000-ის ღირებულების უფასო საინფორმაციო გაშუქება (Publicity).
• აპრილის პირველ ორ დღეში Taco Bell-ის შემოსავალი $1 მილიონზე მეტით გაიზარდა.
კომპანიამ ამ სტრატეგიას „publitisement“ (Publicity + Advertisement) უწოდა — გზა, რომლითაც სარეკლამო „ხმაურში“ ბრენდმა მაქსიმალური ყურადღება მიიპყრო თავისი ახალი კამპანიისთვის - „Nothing Ordinary About It“.
მარკეტინგის მკვლევარი თომას ლ. ჰარისი აღნიშნავს, რომ ხუმრობამ იმიტომ იმუშავა, რომ თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფერს ჰყავს კორპორატიული სპონსორი. შესაბამისად, ადამიანებისთვის ისტორიული ძეგლის გასხვისებაც კი დაჯერებადი აღმოჩნდა.
დღეს „ტაკო ლიბერტი ბელი“ ყველა ავტორიტეტული გამოცემის ტოპ-ათეულებშია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარკეტინგული ხრიკი და საპირველაპრილო ხუმრობა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Horeca Georgia-ს ახალ რუბრიკაში „თბილისური ნომრები“, სადაც მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სტუმარმასპინძლობის მივიწყებულ ისტორიებს გავაცოცხლებთ. ჩვენ ერთად შევაღებთ ძველი ქარვასლებისა და კავკასიის პირველი ფეშენებელური ევროპული სასტუმროების კარებს, რათა აღმოვაჩინოთ ეპოქალური ბიზნეს-მოდელები, უნიკალური სერვისის ტრადიციები და ბოჰემური თბილისის შარმი. საარქივო მასალებზე, რეალურ ფაქტებსა და ისტორიულ ლეგენდებზე დაყრდნობით, ნაბიჯ-ნაბიჯ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა ადგილობრივი ჰორეკა-ინდუსტრია.

რუბრიკაში "ასე დაიწყო ყველაფერი", Horeca Georgia გიამბობთ ჩვენს სექტორში არსებულ პოპულარულ და შედარებით ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე, მათი დაფუძნების ისტორიასა და დამფუძნებლების ანტრეპრენერულ თავგადასავლებზე.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აჭარის ტურისტულ ჰაბში სიახლეებია. მიმდინარე სეზონზე ბათუმის პლაჟებზე შეზლონგებისა და ქოლგების იჯარის ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება.