გთხოვთ დაიცადოთ…
9 წუთის საკითხავი

რას ვაკეთებთ მასპინძლობაში არასწორად 2026 წელს და როგორ შევცვალოთ არსებული რეალობა ჩვენთვის სასიკეთოდ.
HoReCa სექტორის მოთამაშეები, დღესდღეობით, მძიმე დილემის წინაშე დგანან. ერთი მხრივ, თქვენ სერვისი იდეალამდე მიიყვანეთ, საუკეთესო მომწოდებლები იპოვეთ და პროცესები გამართეთ, მაგრამ ახლა ზუსტად ისეთივე ხართ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ხოლო მეორე მხრივ, თუ აღიარებთ, რომ „ხარისხიანი პროდუქტი“ გადარჩენისთვის მხოლოდ საბაზისო მინიმუმია, შანსი გეძლევათ, „დავიწროვდეთ“ და იქცეთ კონკრეტული ადამიანების საყვარელ ალაგად.
ცოტაოდენი კონტექსტი რომ შემოვიტანოთ იმ ბაზრის შესახებ, რომელშიც დღეს ყველანი ვმუშაობთ, 2026 წლის პირველ ნახევარზე დაკვირვებით, ეს ბაზარი მკაცრ ტრანსფორმაციას გადის: მყარი მოთამაშეები პოზიციებს იმყარებენ, სხვებს კი მაღალი კონკურენცია და საწვავსა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა ახრჩობს. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანები უფრო ხშირად და მეტს ჭამენ, მაგრამ უფრო პრეტენზიულად ირჩევენ და უფრო გააზრებულად იხდიან. ამაზე რესტორნებსა და განთავსების ადგილებში სტუმართა მიერ გაწეული ხარჯების სისტემატური ზრდაც მიუთითებს, თუმცა ამ კონტექსტში თითოეული დახარჯული ლარი არის ხმის მიცემა კონკრეტული ბრენდისთვის და არა უბრალოდ „დანაყრებისთვის“.
როდესაც ბრენდს აკლია სიმამაცე ან გულწრფელი პასუხი კითხვაზე - „რატომ მაინცდამაინც თქვენ?“, იგი ცდილობს სიღრმის იმიტაცია პოზიციონირებით მოახდინოს. ასე იბადება ფრაზა-პარაზიტები: „ტაქსიზე მეტი“, „ბურგერზე მეტი“, „მეტზე მეტი ხორცი“.
თუმცა, მომხმარებელს 2026 წელს სისულელეების მიმართ ზედაბალი მოთმინების ზღვარი აქვს. ინფლაციის გამო რაც უფრო ძვირდება საკვები, მით უფრო იაფფასიანი ჩანს ტყუილი. საჭირო არ არის იყოთ „იმაზე მეტი“, საჭიროა ბოლოს და ბოლოს გახდეთ რაღაც გასაგები.
ნამდვილი ტრენდი მაშინ კი არ ჩნდება, როცა უცებ ყველამ ერთნაირი შრიფტი, მატჩა ან დუბაის შოკოლადი მოინდომა. ეს არის კულტურის რეაქცია რეალობის ზეწოლაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ ოთხ საკვანძო ვექტორს, რომლებიც განსაზღვრავენ წარმატებას HoReCa-ში:
• მონოფორმატები, როგორც ფოკუსირების ფორმა. ბაზარი დაიღალა 38-პოზიციური მენიუებით. თუ გააცნობიერეთ, რომ ყველასთვის ყველაფერი ვერ იქნებით, ეს მარცხი კი არა, სტრატეგიის ყველაზე პატიოსანი ფორმა იქნება. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია Chopt აშშ-ში - ქსელი, რომელიც ექსკლუზიურად სალათებს ყიდის. სწორედ ეს კონცენტრაცია გადაიქცა მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელად.
• Comfort food, როგორც ემოციური უსაფრთხოება. შფოთვის პერიოდში ადამიანებს მოლეკულური კულინარია არ სჭირდებათ. მათ უნდათ, რომ თეფშმა ისინი „მორალურად ჩაიხუტოს“. სწორად შეფუთული ემოციური უსაფრთხოება დღეს ეგზოტიკაზე უკეთ იყიდება. ეს ბრენდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: დღეს ადამიანები ხშირად მოდიან არა უშუალოდ საკვებისთვის, არამედ სტაბილურობის, გასაგებობისა და ნაცნობი ემოციის განცდისთვის. კარგი მაგალითია „ცეცხლი აინთო“, სამწვადე, რომლის მენიუ აგებულია ნაცნობ, მარტივ მწვადზე, მკაფიო იდენტობით, და ამავდროულად, სტაბილური ხარისხითა და მომსახურებით.
• „პატიოსანი მენიუ“ - ფასები იზრდება და დღეს მენიუმ რეალობა კი არ უნდა შეალამაზოს, არამედ უნდა ახსნას იგი ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე. Honest food (პატიოსანი საკვები) ნდობის ბაზაა. თუ ავოკადო გაგიძვირდათ, თქვით ამის შესახებ. თუ მომწოდებელი ლოკალურით შეცვალეთ, მოყევით რატომ. გამჭვირვალობა 2026 წელს სისუსტე კი არა, უპირატესობაა.
• კოლაბორაციები, როგორც ახალი აზრი. კოლაბორაცია არ არის ორი ლოგოს გვერდიგვერდ დასმა. ეს არის პროცესი, როცა ერთად უფრო საინტერესო ხართ, ვიდრე ცალ-ცალკე, და ქმნით ახალ როლს ბრენდისთვის და არა უბრალოდ მორიგ პოსტს Instagram-ზე.
სწორედ ამას ეხება ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ქეისი. როდესაც Wendy’s-მ გადაწყვიტა Beyond Meat-მენიუს გაშვება, პარადოქსული ამოცანის წინაშე დავდექით: ბრენდი, რომლის საფუძველიც ხორცი და ბურგერებია, გადის ვეგეტარიანელების აუდიტორიაზე. 2024 წელს, საქართველოში „ვენდისმა“ (Wendy's Georgia) და Beyond Meat-მა ოფიციალური თანამშრომლობა დაიწყეს, რის შედეგადაც მენიუში სრულიად მცენარეული, პრემიუმ ხარისხის ბურგერები გამოჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა ქართულ სწრაფი კვების ბაზარზე, როდესაც გლობალურმა ბრენდმა ადგილობრივ მომხმარებელს ინოვაციური, 100%-ით მცენარეული ხორცის ალტერნატივა შესთავაზა.
ამ კოლაბორაციამ „ვენდისს“ საქართველოში საშუალება მისცა, გამხდარიყო პიონერი მასობრივ სეგმენტში, ეპასუხა „ფლექსიტარიანული“ (მომხმარებლები, რომლებიც ხორცის მოხმარებას ამცირებენ) და ვეგეტარიანული ცხოვრების წესის მზარდი ტენდენციისთვის, და კიდევ უფრო გაემყარებინა ინოვატორი ბრენდის იმიჯი.
პოზიციონირება იწყება იქ, სადაც ხედავთ რეალურ ტკივილს, რომელსაც აყუჩებთ. თუ მზად ხართ მოიხსნათ „ვარდისფერი სათვალე“, დაიწყეთ მარტივი სავარჯიშოთი: რა მოხდება ხვალ, თუ თქვენი ბრენდი აღარ იარსებებს?
პასუხი ბუნდოვანია? მაშინ ინებეთ გაფართოებული სამოქმედო გეგმა:
1. აკრძალეთ ფრაზა „მომსახურებაზე მეტი...“ კომუნიკაციაში და ჩაანაცვლეთ იგი კონკრეტულობით. „პიცაზე მეტი“ - ცარიელი სიტყვებია. „პიცა, რომელსაც ვამზადებთ შირაქის ველელი ფერმერი ქალისგან მიღებული ფქვილით“ - აქ უკვე არის სალაპარაკო. კონკრეტულობა დეტალი კი არა, თავად პოზიციონირებაა.
2. გადაწერეთ მენიუ და შეთავაზებები, მოაცილეთ მთელი „სიტყვიერი სოუსი“. გაიარეთ თითოეული პოზიცია და იკითხეთ: რატომ არის ეს კერძი ჩვენთან? თუ პასუხი არ გაქვთ - ან იპოვეთ იგი, ან ამოიღეთ პოზიცია. მენიუს 30%-ით შემცირებას ხშირად მოაქვს შემოსავლის ზრდა, რადგან ის ხსნის „არჩევანის პარალიზს“ და დარჩენილი კერძების ხარისხს მაღლა წევს.
3. იპოვეთ თქვენი „უხერხული ფაქტი“ და აქციეთ იგი უპირატესობად. სწორედ ეს არის მომხიბვლელი გულწრფელობა. რა არის თქვენს ბრენდში ისეთი, რაც „სუსტ წერტილად“ გეჩვენებათ? პატარა დარბაზი? აქციეთ ეს კამერულობად და ექსკლუზიურობად. მხოლოდ ლოკალური პროდუქტები? მოყევით კონკრეტულ მომწოდებლებზე. უხერხული ფაქტი საუკეთესო სტარტია ძლიერი ნარატივისთვის.
4. ჩაატარეთ თქვენი აუდიტორიის აუდიტი: ვინ დადის თქვენთან რეალურად და რატომ. არა ის, ვინც გსურთ რომ მოიზიდოთ, არამედ ის, ვინც რეალურად გყავთ. დაელაპარაკეთ 5-10 მუდმივ სტუმარს. ჰკითხეთ არა „რატომ მოგწონთ აქ“, არამედ „რა მომენტში გადაწყვიტეთ პირველად დაბრუნება“. პასუხი ამ კითხვაზე არის თქვენი ნამდვილი კონკურენტული უპირატესობა.
5. იპოვეთ ისეთი კოლაბორაცია, რომელიც აძლიერებს თქვენს ჩვეულ ლოგიკას და არ ამტვრევს მას. კოლაბორაცია წვდომაზე კი არა, აზრის გაფართოებაზეა. თუ თქვენ ხართ კაფე, რომელიც ფოკუსირებულია ადგილობრივ მოხალულ ყავაზე, მაშინ დაპარტნიორდით ადგილობრივ გამომცემლობასთან ან კერამიკის სტუდიასთან, რაც უფრო ორგანული იქნება, ვიდრე მსხვილ ალკოჰოლურ ბრენდთან კოლაბორაცია. კითხვა იმაში კი არ არის „ვინ არის ცნობილი“, არამედ „ვინ ბინადრობს იმავე არეალში, სადაც ჩვენ“.
6. გაზომეთ არა მხოლოდ შემოსავალი, არამედ განმეორებადობაც. დაბრუნების სიხშირე ყველაზე პატიოსანი KPI-ია HoReCa-სთვის. თუ საშუალო სტუმარი ბრუნდება თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელის ნაცვლად, თქვენ პოზიციონირებაში რაღაც სწორად გააკეთეთ. გამართეთ განმეორებითი ვიზიტების თრექინგი მანამ, სანამ რამე ახალს ჩაუშვებთ.
სწორედ ამიტომ, ბრენდებისთვის დღეს აღარ არის საკმარისი უბრალოდ კრეატივის კეთება. კრეატივი რეალური აზრის გარეშე წყვეტს მუშაობას. პირობითი ნეონი, მატჩა და ვირუსული Reels-ები ვეღარ გადაარჩენს სუსტ პოზიციონირებას.
ჩვენ ამას „კრეატიულ ეფექტს“ ვეძახით - როდესაც კრეატივი ბიზნესისგან ცალკე კი არ არსებობს, არამედ ეხმარება ბრენდს დაიკავოს კონკრეტული როლი ადამიანის ცხოვრებაში. იმიტომ, რომ პოზიციონირება იწყება არა იქ, სადაც ლამაზი სლოგანი მოიფიქრეთ, არამედ იქ, სადაც გულწრფელად გააცნობიერეთ, რა რეალურ ტკივილს აქრობთ.