გთხოვთ დაიცადოთ…
4 წუთის საკითხავი

20 ივლისიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ფუნქციონირებას იწყებს ახალი უწყება - გასტრონომიის ეროვნული სააგენტო. ამ სტატიაში განვიხილავთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ გადაწყვეტიელბას და რას შეიძლება ველოდოთ.
საქართველოს გასტრონომიულ და სტუმარმასპინძლობის (HoReCa) სექტორში მნიშვნელოვანი სტრუქტურული სიახლეა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 20 ივლისიდან ფუნქციონირებას იწყებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) – გასტრონომიის ეროვნული სააგენტო. უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იფუნქციონირებს.
ეს გადაწყვეტილება საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ერთი მხრივ, სამინისტრო და დარგობრივი ასოციაციები მასში დიდ პოტენციალს ხედავენ, მეორე მხრივ კი, კრიტიკოსები ახალი ბიუროკრატიული აპარატის შექმნის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტოს ძირითადი მიზანი ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დაცვა და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ ავთენტურ პროდუქტებსა და მათი დამზადების ტექნოლოგიებს, როგორიცაა დამბალხაჭო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და 8000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვევრის ღვინო.
სამინისტროს განმარტებით, გასტრონომია ქვეყნის იდენტობის, საერთაშორისო იმიჯისა და ეკონომიკური (კერძოდ, აგროტურისტული) განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რასაც ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება სჭირდება.
ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფო რეფორმას, ორი მხარე აქვს.
ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა დაეხმარება ქართულ კულინარიას აქტიურ პოზიციონირებაში საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენებსა თუ ფესტივალებზე, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს გასტრონომიული ტურისტების ნაკადს.
უნიკალური ტექნოლოგიების (მაგ. ტენილი ყველი, დამბალხაჭო) სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სრულყოფა დაიცავს ბაზარს ფალსიფიკაციისგან. რესტორნები და სასტუმროები დარწმუნებულები იქნებიან, რომ ნამდვილ, სერტიფიცირებულ ქართულ პროდუქტს ყიდულობენ.
მცირე ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობით გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შიდა და გარე ბაზრებზე, რაც HoReCa სექტორს ხარისხიანი ადგილობრივი ნედლეულით მომარაგების სტაბილურ ჯაჭვს შეუქმნის.
როგორც კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აღნიშნავს, ჩნდება საფუძვლიანი კითხვები ახალი უწყების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, სააგენტო შესაძლოა გადაიქცეს დამატებით საბიუჯეტო ტვირთად (ოფისები, ინვენტარი, ხელფასები) და პარტიული კადრების დასაქმების მექანიზმად, რეალური დოვლათის შექმნის გარეშე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე გადაწყვეტილებას „აბსურდულს“ უწოდებს და გამოთქვამს შიშს, რომ სახელმწიფო უხეშად ჩაერევა თავისუფალ ბაზარზე და „ხინკლის სტანდარტების“ დაწესებასაც კი დაიწყებს, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ბარიერი იქნება.
გარდა ამისა, საქართველოში უკვე არსებობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (RDA). ახალი უწყების შექმნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ფუნქციების აღრევა და კოორდინაციის სირთულეები, ნაცვლად ეფექტიანი მუშაობისა.
სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ გასტრონომიის, როგორც „რბილი ძალის“ (Soft Power) და ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება სახელმწიფო დონეზე მიღებული პრაქტიკაა, თუმცა მოდელები განსხვავებულია:
მაგალითად, პერუმ გასტრონომია ეროვნულ სტრატეგიად აქცია. თუმცა, იქ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო არა ცალკეული სახელმწიფო ბიუროკრატიული სააგენტო, არამედ კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობა (APEGA), სადაც წამყვან როლს თავად შეფ-მზარეულები და რესტორატორები თამაშობდნენ. ამ მოდელმა ლიმა მსოფლიოს ერთ-ერთ კულინარიულ დედაქალაქად აქცია.
საფრანგეთში გასტრონომიის პოპულარიზაციას კურირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტურიზმის განვითარების სააგენტო (Atout France). მათ აქვთ პროექტი Goût de France, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფრანგული სამზარეულოს პოპულარიზაციას ახდენს. აქცენტი კეთდება არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე და არა ახალი უწყებების გახსნაზე.
ტაილანდის მთავრობამ ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აფინანსებდა ტაილანდური რესტორნების გახსნას საზღვარგარეთ და უწესებდა მათ ხარისხის ნიშანს (Thai Select). ამან მკვეთრად გაზარდა ტურისტების ნაკადი ქვეყანაში. რეფორმას ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროები უძღვებოდნენ.
რომ შევაჯამოთ, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა თეორიულად შეიძლება გახდეს ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორის მძლავრი კატალიზატორი, თუ ის ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, მარკეტინგსა და მცირე მწარმოებლების დახმარებაზე.
თუმცა, თუ პროცესები ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაიძირა და სააგენტო მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების ათვისების წყაროდ იქცა, ეს იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. „ჰორეკა საქართველო“ ინტერესით დააკვირდება 20 ივლისიდან გადადგმულ პირველ ნაბიჯებს და იმას, თუ რამდენად ჩაერთვებიან ამ პროცესში რეალური პროფესიონალები.