გთხოვთ დაიცადოთ…

ქართველი სახალხო შეფის, გურამ ბაღდოშვილის ხელწერა, ძველი თბილისური ეზოს ეშხი, პოპ-არტი, საავტორო ინტერიერი და უმაღლესი გასტრონომია, რომელსაც ხელით მირთმევის არ "ეშინია"...
ქართველი სახალხო შეფის, გურამ ბაღდოშვილის ხელწერა, ძველი თბილისური ეზოს ეშხი, პოპ-არტი, საავტორო ინტერიერი და უმაღლესი გასტრონომია, რომელსაც ხელით მირთმევის არ "ეშინია" — რესტორან "ჩვენის" კონცეფციაში იმაზე მეტი ფილოსოფია დევს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი თავს ყველაზე არაფორმალურად და მოსვენებულად გრძნობს. "ჩვენი" ეფუძნება ურბანულ მიმართულებას, ხოლო გასტრონომია თავისი ხელწერით თითოეულ სტუმარს ეუბნება: "თუ გინდა, ხელით მიირთვი, არ გჭირდება ცერემონია და პათოსი". ამას ემატება თბილისური ეზო, "ბებოს სახლის" ნოსტალგია და საქართველოს განვითარების გზის ამსახველი დეკორი, რაც საბოლოო ჯამში, საზიარო კომფორტის ეფექტს ქმნის.
როგორც შეფი აღნიშნავს, სიმარტივეში გაცილებით დიდი ფილოსოფიაა, ვიდრე რთულსა და ამაღლებულში. ტექნიკა ყოველთვის მოდური და დროებითია, სიმარტივე კი — მუდმივი და ყველა გულის კარის გასაღები. დღეს "ჩვენი ჯგუფი" რამდენიმე გასტრონომიულ ობიექტს აერთიანებს: "ჩვენი", "ციტადელი", Food&Market, "ოვალი" და "ბაზარში ორბელიანზე" უკვე გახსნილი "ტაი-ტაი", რომლის კონცეფციაც სრულად ტაილანდურ სამზარეულოზეა მორგებული. გარდა ამისა, ჯგუფმა საკუთარი ფერმერული საქმიანობით რესტორნებისთვის დამოუკიდებელი მომარაგების წყაროც შექმნა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრენდის საერთაშორისო გაფართოება — ლისაბონის გულში, ბაირუ-ალტუს ისტორიულ უბანში, გაიხსნა რესტორანი Karater (კარატერი). ეს არის სივრცე, სადაც ქართული გასტრონომიული ტრადიციები პორტუგალიურ სულს ერწყმის, რაც შეფისთვის ერთგვარი ხარკია იმ ქვეყნის მიმართ, სადაც მან პროფესიული ცხოვრების ორი დეკადა გაატარა.
ამ წარმატებას საკმაოდ რთული გზა უძღოდა. 90-იან წლებში ევროპაში გამგზავრებულმა და "მიშლენის" ვარსკვლავის მქონე რესტორნებში მუშაობის შემდეგ, გურამ ბაღდოშვილი 2016 წელს სამშობლოში დაბრუნდა, რათა საკუთარი პოტენციალი ქართული კულინარიის განვითარებაში დაებანდებინა. მისი შრომა როგორც პერსონალური ბრენდის შექმნას, ისე პროფესიის აღიარებას მოხმარდა. დღეს მზარეულობა ან მიმტანობა აღარავის რცხვენია — პანდემიამაც ნათლად აჩვენა, რომ ამ სფეროში დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ნამდვილად უყვარს მასპინძლობა და სტუმრისთვის სიამოვნების მინიჭება.
ბაღდოშვილის ხედვით, შეფი არა მარტო კარგი მზარეული, არამედ ძლიერი მმართველიც უნდა იყოს, რომელსაც კომპანიის "პულსზე უჭირავს ხელი" და გუნდს მოტივაციას სძენს. მისი ფორმულა სხვადასხვა დეკადის წარმომადგენლების ერთ გუნდში გაერთიანებაა, რაც ბიზნესის სხვადასხვა პრიზმიდან შეფასების საშუალებას იძლევა. ბიზნესი მუდმივი ბრძოლა და მარათონია — როგორც ტელეფონზე მოგვდის განახლებები, ისე უნდა განახლდეს ადამიანიც ყოველდღიურად. "ჩვენი ჯგუფი" აგრძელებს ქართული გასტროკულტურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, და "კარატერის" წარმატება ლისაბონში ამ გლობალური სტრატეგიის მხოლოდ დასაწყისია.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Horeca Georgia-ს ახალ რუბრიკაში „თბილისური ნომრები“, სადაც მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სტუმარმასპინძლობის მივიწყებულ ისტორიებს გავაცოცხლებთ. ჩვენ ერთად შევაღებთ ძველი ქარვასლებისა და კავკასიის პირველი ფეშენებელური ევროპული სასტუმროების კარებს, რათა აღმოვაჩინოთ ეპოქალური ბიზნეს-მოდელები, უნიკალური სერვისის ტრადიციები და ბოჰემური თბილისის შარმი. საარქივო მასალებზე, რეალურ ფაქტებსა და ისტორიულ ლეგენდებზე დაყრდნობით, ნაბიჯ-ნაბიჯ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა ადგილობრივი ჰორეკა-ინდუსტრია.

რუბრიკაში "ასე დაიწყო ყველაფერი", Horeca Georgia გიამბობთ ჩვენს სექტორში არსებულ პოპულარულ და შედარებით ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე, მათი დაფუძნების ისტორიასა და დამფუძნებლების ანტრეპრენერულ თავგადასავლებზე.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აჭარის ტურისტულ ჰაბში სიახლეებია. მიმდინარე სეზონზე ბათუმის პლაჟებზე შეზლონგებისა და ქოლგების იჯარის ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება.