გთხოვთ დაიცადოთ…
8 წუთის საკითხავი

სარესტორნო ინდუსტრია, ხშირად იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გემრიელი კერძებისა თუ სასმელების ერთობლიობა. ეს დიდი კულტურის ნაწილია, რომელსაც უამრავი შრე აქვს და გამოცდილებების მთელ სპექტრს მოიცავს.
ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუმარი მენიუს გადაშლისას ფასებს ხედავს და უჩნდება განცდა, რომ მარჟა კოლოსალურია და რესტორანი მხოლოდ პროდუქტში ასტრონომიულ თანხებს ითხოვს. თუმცა, როგორია რეალურად კერძის საბოლოო ფასის სტრუქტურა, რა „უხილავი ხარჯები“ დგას თითოეული შეკვეთის უკან და საით მიდის ქართული გასტრონომიული ბაზარი?
ამ და სხვა საინტერესო თემებზე საბა იჩქიტიძეს - ცნობილ შეფ-რესტორატორს, საქართველოს ახალგაზრდა შეფმზარეულთა ასოციაციის დამფუძნებელს, გასტრონომიულ ბიზნესკონსულტანტს და კულინარიული YouTube-პროექტის (KitchenBross) ავტორს ვესაუბრეთ.
სარესტორნო ბიზნესში ფასწარმოქმნის პროცესი ეფუძნება ხარჯების სრულ კალკულაციასა (Full Costing) და მარჟინალურ ეკონომიკას. მომხმარებლის მიერ აღქმული „ინგრედიენტების ფასი“ წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირ მატერიალურ ხარჯს.
კერძის საბოლოო ფასის სტრუქტურული გადანაწილება ინდუსტრიული სტანდარტით ასეთია:
• Food Cost (პროდუქტის თვითღირებულება): 28%-35% - კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის პირდაპირი ხარჯი.
• Labor Cost (სახელფასო ფონდი / შრომის ანაზღაურება): 30% – 35% - შეფ-მზარეული, სამზარეულოს პერსონალი, მიმტანები, ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი, ბარმენი/მიქსოლოგი.
• იჯარა და საოპერაციო ხარჯები: 20%-25% - ფართის იჯარა, კომუნალური გადასახადები, ცვეთა/ამორტიზაცია, მარკეტინგი, ბანკის ტერმინალების საკომისიოები, ჭურჭლის მსხვრევადობა.
• Net Profit Margin (რეალური წმინდა მოგება): ყველა ზემოთ აღნიშნული ხარჯის დაფარვის შემდეგ, ჯანსაღად მომუშავე რესტორანს რჩება საშუალოდ 10%-15% (იშვიათ შემთხვევაში 20%). თუმცა არსებობენ ისეთი ობიექტებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან ბაზარზე და ბევრად მეტი რჩებათ (საუბარი მაქვს 40-50%-ზე).
ყველაზე დიდი უხილავი ხარჯი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: საკვების დანაკარგები და კომერციული ენერგოეფექტურობა/საოპერაციო ამორტიზაცია.
ეს მოიცავს მალფუჭებადი პროდუქტების ბუნებრივ ნარჩენებს, წმენდა/დამუშავების შემდგომ წონის კლებასა და მოთხოვნის ცვალებადობის გამო ჩამოწერილ ინგრედიენტებს. ასევე ენერგო-რესურსებსა და სერვისს: პროფესიული სამზარეულოს მძიმე ტექნიკა (ღუმელები, გრილები, ძლიერი გამწოვები და დიდი სამაცივრე სისტემები) მოიხმარს კოლოსალური ოდენობის ელექტროენერგიასა და გაზს. ამას ემატება ბანკის საკომისიოები უნაღდო ანგარიშსწორებაზე (1.5%-2.5%) და მუდმივი ტექნიკური მომსახურება.
ეს უხილავი ხარჯები ჯამში საოპერაციო ბიუჯეტის 10%-15%-ს შეადგენს და არასწორი მართვის შემთხვევაში პირდაპირ აზარალებს ბიზნესის ლიკვიდურობას. ხშირ შემთხვევაში, ბაზარზე ლიკვიდურობის დაკარგვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ეს კომპონენტი წარმოადგენს.
ფასების ინფლაციური ზრდის პირობებში გამოიყენება მოთხოვნის ფასის ელასტიურობისა და მენიუს ინჟინერიის პრინციპები:
• მენიუს ოპტიმიზაცია და ნულოვანი დანაკარგი: მაღალმარჟიანი პოზიციების წახალისება და პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება ხარისხის შეუმცირებლად.
• სტრატეგიული შესყიდვები: გრძელვადიანი კონტრაქტები სანდო მომწოდებლებთან სეზონური რყევების რისკების დასაზღვევად.
• აღქმული ღირებულების გაზრდა: ფასის მცირედი კორექტირების პარალელურად სერვისის, პრეზენტაციის ან ატმოსფეროს გაუმჯობესება, რათა სტუმარმა იგრძნოს, რომ მიღებული ღირებულება კვლავ აღემატება გადახდილ ფასს.
შრომის ბაზარზე არსებულმა მწვავე დეფიციტმა გამოიწვია ხელფასების ინფლაცია. ვინაიდან ჰორეკა სექტორი ძალზე შრომატევადი ინდუსტრიაა, სადაც ავტომატიზაციის შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდულია, კვალიფიციური შეფ-მზარეულების, სერვისის მენეჯერების, მიმტანებისა და ბარ-მენეჯერების შესანარჩუნებლად სახელფასო ფონდის ზრდა აუცილებლობა გახდა.
სახელფასო ხარჯების (Labor Cost) ზრდა ზრდის ბიზნესის პირველად ხარჯებს (Prime Cost) და პირდაპირპროპორციულად აისახება მენიუს საბოლოო ფასზე, რათა რესტორატორმა შეინარჩუნოს საოპერაციო რენტაბელობა.
ადგილობრივი პროდუქტის მიწოდების ჯაჭვი საქართველოში ჯერ კიდევ ფრაგმენტულია და აკლია მასშტაბის ეკონომიკა. ადგილობრივი მწარმოებლები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ წლის განმავლობაში სტაბილურ ხარისხს, უწყვეტ მიწოდებასა და ზუსტ კალიბრაციას.
შედეგად, რესტორნები იძულებულნი არიან დაეყრდნონ იმპორტირებულ პროდუქტებს, რაც ბიზნესს ხდის მოწყვლადს სავალუტო რყევების (FX Risk), მაღალი ლოგისტიკური ხარჯებისა და იმპორტის გადასახადების მიმართ. ეს ფაქტორები პირდაპირ ზრდის Food Cost-ს და, შესაბამისად, მენიუს საბოლოო ფასსაც.
აქ მოქმედებს შთაბეჭდილებების ეკონომიკის ფუნდამენტური თეორია - თანამედროვე მომხმარებელი არ ყიდულობს მხოლოდ რესტორნის მიერ შეთავაზებულ პროდუქტს, ის ყიდულობს ემოციურ, ესთეტიკურ და სოციალურ გამოცდილებას.
მთავარი მამოძრავებელი კომპონენტებია:
• ატმოსფერო და დიზაინი: განათება, აკუსტიკა, ინტერიერი (და იშვიათ შემთხვევაში არომამენეჯმენტიც (სასიამოვნო სურნელის გამოყენება მომხმარებელთა შთაბეჭდილების ასამაღლებლად)).
• სერვისი: პერსონალის ემპათია, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, სერვისის სისწრაფე და პერსონალიზაცია.
• კონცეფცია და ამბის ყოლა (Storytelling): კერძისა და ბრენდის უნიკალური ისტორია.
ეს კომპონენტები ქმნიან მაღალ ფსიქოლოგიურ ღირებულებას, რაც ზრდის მომხმარებლის მზაობას, გადაიხადოს მეტი.
სხვაობა მდგომარეობს გადახდილ ფასსა და აღქმულ სარგებელს შორის ბალანსში:
• ძვირიანი რესტორანი: ფასი მაღალია, თუმცა სტუმარი ვერ იღებს შესაბამის ხარისხს საკვებში, სერვისსა თუ გარემოში, რის გამოც წარმოიქმნება კოგნიტური დისონანსი და უკმაყოფილება.
• ღირებული რესტორანი: ფასი შეიძლება იყოს მაღალიც და საშუალოც, მაგრამ მიღებული ემოცია, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, უსაყვარლესი სერვისი და ესთეტიკა სრულად ამართლებს ან აჭარბებს სტუმრის მოლოდინს, რაც ქმნის ბიზნესის გრძელვადიან წარმატებასა და ლოიალურ აუდიტორიას.
ქართული სარესტორნო ინდუსტრია გადადის ზოგადი ფორმატებიდან ნიშურ, კონცეპტუალურ და ავთენტურ-თანამედროვე მიმართულებებზე. იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის სერვისსა და უნიკალურ გამოცდილებაზე.
ჩემი რეკომენდაციები დამწყებებისთვის:
• მკაფიო პოზიციონირება: ნუ გახსნით „ყველაფრის რესტორანს“, გქონდეთ მკაფიო კონცეფცია და სამიზნე აუდიტორია.
• ზუსტი ფინანსური გათვლა: წინასწარ დაითვალეთ ზარალუვნებლობის წერტილი (Break-even Point) და გაითვალისწინეთ, რომ პირველადი ხარჯების ჯამი (Prime Cost = Food Cost + Labor Cost) არ უნდა აღემატებოდეს 60-65%-ს.
• პროფესიონალების ჩართულობა: ახალი რესტორნის გახსნისას აუცილებელია გასტრონომიულ ბიზნეს-კონსულტანტებთან და დარგის პროფესიონალებთან თანამშრომლობა. ეს აზღვევს ბიზნესს ემოციური და არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილებებისგან, უზრუნველყოფს მენიუს ზუსტ კალკულაციას, ოპტიმალურ ფასწარმოქმნასა და ტექნოლოგიური პროცესების + HACCP სტანდარტების გამართვას.
გერჩივნოთ გადაიხადოთ ამ მომსახურებებში შესაბამისი ღირებულება, ვიდრე დაკარგოთ წლის განმავლობაში სამჯერ მეტი.